- Advertisement -

შალვა კიკნაველიძე: ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ჩვენი რაიონების სიძლიერეზეა დამოკიდებული

ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე მუნიციპალიტეტის სოფლებში – წიფლავაკესა და საღვინეში მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოებს დაესწრო.

უმრავლესობის დეპუტატმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 32 კმ.-იანი გაზსადენის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა და აღნიშნა, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, 2020 წლის შემოდგომაზე, დამატებით 400 ოჯახზე მეტს ექნება ბუნებრივ აირზე წვდომა.

“ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და არცერთი წამით არ გვაქვს მოდუნების უფლება. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ჩვენი რაიონების სიძლიერეზეა დამოკიდებული. რაც უფრო მეტად გავაძლიერებთ სოფელს, ხელს შევუწყობთ ადგილობრივ წარმოებას, მით უფრო ძლიერი გახდება ჩვენი სახელმწიფო. სოფლის სიძლიერე აქ მცხოვრები მოქალაქეების მაქსიმალურ მხარდაჭერას, გამართულ ინფრასტრუქტურას ნიშნავს, ამიტომ აქტიურად ვაგრძელებთ სამუშაოებს. დავიწყეთ 32 კმ.-იანი გაზსადენის მშენებლობის პროცესი, რომელიც შემოდგომაზე დასრულდება და ამ ზამთარს წიფლავაკესა და საღვინეში მცხოვრებ 400-ზე მეტ ოჯახს ბუნებრივ აირზე ექნება წვდომა”- განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წიფლავაკესა და საღვინეში მიმდინარე გაზიფიცირების პროცესი ეკონომიკის სამინისტროსა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ ხორციელდება. აღნიშნულ პროექტზე მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

Comments
Loading...