- Advertisement -

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დღეს არასრული საშუალო სკოლების სამუშაოები დაათვალიერა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებისაგან ინფასტრუქტურული პროცესების მიმდინარეობაზე ინფორმაცია მიიღო.

“დღეს დავათვალიერეთ პროექტები, რომელიც შეჩერებული იყო კოვიდინფექციასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო. სამუშაოები ამჟამად სრული დატვირთვით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს და დადგენილ ვადებში დასრულდება”, – აღნიშნა ლაშა გოგიაშვილმა.

სოფელ ჩხარში მცირეკონტიგენტიანი – 60 ბავშვზე გათვლილი არასრული საშუალო სკოლა აიგება, რისთვისაც მგფ-დან გამოყოფილი თანხა 1 092 500 ლარს შეადგენს, ხოლო სოფელ ზედა საზანოს საჯარო სკოლის მეორე კორპუსის მშენებლობისათვის, რომელიც ასევე მცირეკონტიგენტიანი, არასრული საშუალო სკოლაა, მგფ-დან დაიხარჯება 1 124 000 ლარი. ორივე პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ჯავა” ახორციელებს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში 24 საჯარო სკოლაა – 3 ახალი შენდება, 10 კი რეაბილიტირდება. რეაბილიტაციისათვის დაიხარჯება 481 ათასი ლარი და მოეწყობა სველი წერტილები. სამი ახალი სკოლის მშენებლობა, რაზეც საერთო ჯამში დაიხარჯება 4 632 500 ლარი, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება და 200 მოსწავლეს ახალი სკოლა ექნება.

Comments
Loading...