იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მოქალაქეთათვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა. ამ მიზნით იუსტიციის სახლის მშენებლობა ერთდროულად რამდენიმე ქალაქში - ხაშურში, ზესტაფონსა და სამტრედიაში მიმდინარეობს. ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები ხაშურში იუსტიციის  მინისტრმა რატი ბრეგაძემ მოადგილესთან, ერეკლე ღვიანიძესთან, ერთად დაათვალიერა.

იუსტიციის სახლის 470-მდე სერვისით სარგებლობას ხაშურის მოსახლეობა უკვე მიმდინარე წელს შეძლებს და  ყველა სახის სახელმწიფო მომსახურებას ერთ სივრცესა და კომფორტულ გარემოში მიიღებს.

 

ხაშურის იუსტიციის სახლში 18 პირი დასაქმდება. მომსახურების დარბაზის გარდა, ახალ ფილიალში თანამედროვე ინტერიერის  საქორწინო-სარიტუალო სივრცე მოეწყობა. შენობაში იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების ოფისებიც განთავსდება, რომლებიც ამ დრომდე მოძველებულ ინფრასტრუქტურაში ფუნქციონირებენ.

ხაშურის ფილიალი შიდა ქართლის რეგიონში მეცხრე იუსტიციის სახლი იქნება.  გორში,  ქარელში, კასპში, გომში, ბერძენაულში, რუისში, ტყვიავსა და მეჯვრისხევში  იუსტიციის სახლები უკვე ფუნქციონირებს.

 დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით, 117 იუსტიციის სახლი მოქალაქეებს ერთი ფანჯრის პრინციპით, სხვადასხვა საჯარო უწყებისა და კერძო სექტორის 470- ზე მეტ სერვისს სთავაზობს.