საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რა პროცესებთან გვაქვს საქმე, პრინციპში, განსხვავებული არაფერი არ არის და ოპოზიციაში ერთ წრეზე ტრიალებენ თავიდან ბოლომდე, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვაზე, როგორ აფასებს ოპოზიციის ლიდერთა განსხვავებულ გადაწყვეტილებებს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადახდა-არგადახდასთან დაკავშირებით და რა სტრატეგიაა გირაოს გადაუხდელობა და ციხეში წასვლა.

„ჩვენ გვახსოვს დაახლოებით, ოთხი თუ ხუთი წლის წინ ნიკა მელიას სიტყვები, არ გადავიხდიო და გადაიხადა, არ გამოვალ ციხიდანო და გამოვიდა, არ შევალ პარლამენტშიო, მაგრამ შევიდა და ა.შ. ანუ, ამ ხალხს, გარდა იმისა, რომ პოლიტიკურად განულებული არიან, არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ არავის წინაშე, გარდა ერთისა, მათი პატრონისა, რომლის წინაშეც კეკლუცობენ. ერთადერთი, რაც შეიძლება, ამ პროცესებს უწოდო, ეს არის – მათმა პატრონმა იცის, რომ არაფრის მაქნისები არ არიან არც „ნაცმოძრაობაში“ და არც მის ფილიალებში და პირდაპირ ელჩები ჩართეს, აქ შტაბის უფროსებად დანიშნეს პრაქტიკულად პროცესებში და ამიტომ ეკეკლუცებიან ახლა უცხოელ პარტნიორებს. თავად ის ფაქტი, რომ ადამიანი პირდაპირ ამბობს, მე უნდა ჩავიდინო სისხლის სამართლის დანაშაული და თუ დამიჭერთ, მაშინ ვიქნები პოლიტპატიმარი და რაც მთავარია, ამას არ ეთანხმებიან მისი სხვა კოლეგები „ნაციონალურ მოძრაობაში“, უკვე ნიშნავს იმას, რომ თავიდანვე გათვლილი აქვს ის, რომ უნდა გამოვიდეს „გმირი.“ ეს არის მთელი ანი-ბანი, რაც რა თქმა უნდა, არ გამოდის. ძალიან კარგად იცის ახლა ოქრუაშვილმაც და გირჩი ჯაფარიძემაც, რომ მათგან არც არანაირი „გმირი“ არ გამოვა და ამას არც არავინ შეუფასებს პოზიტიურად, მათივე ამომრჩეველიც კი, თუმცა ეს არის მათი გადაწყვეტილება. ეს ადამიანები ყოველთვის წუწუნებდნენ იმაზე, რომ პოლიტიკურ ზედაპირზე ვერ ტივტივებდნენ, მათ შორის, ვერც „ნაციონალურ მოძრაობაში“. ეს არის მოცემულობა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიებისა სახედ შეფარდებული გირაოს არ გადახდის გამო, აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და პატიმრობა შეუფარდა.