თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პოლიტიკის ძირითად პროექტებზე ისაუბრა.

მისივე თქმით, დედაქალაქში გზების რეაბილიტაცია კომუნიკაციების კაპიტალურ ცვლილებებს უკავშირდება.

„როდესაც გზების რეაბილიტაციაზე ვსაუბრობთ, როგორც მიწისქვეშა, ისე მიწისზედა კომუნიკაციების ფუნდამენტურ, კაპიტალურ ცვლილებებს ვგულისხმობთ. ბოლო წლებში ჯამში, 8 500 000 მ2 ფართობის გზის საფარი შეიცვალა. რეაბილიტირდა, დაახლოებით, 1 754 ქუჩა/გამზირი. პირველი გამორჩეული პროექტი იყო კახეთის გზატკეცილის, ასევე, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ხიზანიშვილის, ვეკუას და ხოჭოს ტბის მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია იყო.
აღსანიშნავია, რომ გმირთა მოედანზე სატრანსპორტო კვანძი მოვაწყვეთ.

ამას გარდა, ერთ-ერთი რთული სამშენებლო პროექტი იყო მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა, რადგან სამუშაოები მეწყრულ არეალში ხორციელდებოდა, თუმცა, ის წარმატებით დასრულდა და დედაქალაქის მოსახლეობა სარგებლობს ამ გზით“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა 
მანვე შემაჯამებელ ღონისძიებაზე გზების მიმართულებით ამჟამად მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. 


„რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, რეაბილიტაცია უტარდება ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და წერეთლის ქუჩებს. მიმდინარე კვირის ბოლომდე ვიწყებთ ჟორდანიას სანაპიროს და ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე
სატრანსპორტო კვანძის მოწყობას. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოწყობილი კვანძი სრულად განტვირთავს სატრანსპორტო მოძრაობას“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.


ბოლო წლებში, დედაქალაქში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა: კახეთის გზატკეცილს, ილია ჭავჭავაძის გამზირს, ხიზანიშვილის, ვეკუას და ხოჭოს ტბის მიმდებარე ქუჩებს, სოფელი დიღომი- დიდგორი-თელოვანის საავტომობილო გზას, კაიროს დასახლებას, მელიქიშვილის ქუჩას, ქეთევან დედოფლის გამზირს. ასევე, უნივერსიტეტის ქუჩას, წყნეთის გზატკეცილს (ბაგების დასახლება), აკაკი წერეთლის გამზირს, გახოკიძის ქუჩას. ივერთუბნის დასახლებაში
კი 14 ქუჩა მოეწყო.


ამჟამად, რეაბილიტაცია უტარდება: ქაქუცა ჩოლოყაშვილის და წერეთლის ქუჩებს, ემირ ბურჯანაძის ქუჩისა და გარდაბნის გზატკეცილის დამაკავშირებელ ველისთავის ქუჩას, ემირ ბურჯანაძის ქუჩას.