ბათუმის მერიის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა, სადაც დაჯილდოვდნენ ის სპორტსმენები, მწვრთნელები, გუნდები და სპორტული კლუბები, რომლებმაც გასული წლის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს როგორც ქალაქის, რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

ღონისძიება სიტყვით გახსნა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, რომელმაც განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და სპორტული სფეროს წარმომადგენლებს იმ შრომისა და თავდადებისთვის, რომელიც ბათუმური სპორტის განვითარებას ემსახურება. მერმა ასევე ხაზი გაუსვა სპორტისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ბათუმის მერია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სპორტული ინფრასტრუქტურისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ. მისი თქმით, სპორტის სფეროს განვითარების მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და ინიციატივაა დაგეგმილი, რაც რეგიონში სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს.

გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ, აჭარის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელებმა, უმაღლესი საბჭოს, საკრებულოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.