ქართველი ებრაელი მწერლის, სენაკის საამაყო შვილის, ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 80 წლისთავის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მის მშობლიურ ქალაქში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით, ღონისძიებების კვირეული 18 მარტს და 24 მარტს დასრულდა.

ჟიული შარტავას მუზეუმში ჩატარდა პოეტის, მთარგმნელის, პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტის, საქართველოს მწერალთა და თეატრალურ მოღვაწეთა კავშირების წევრის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, პარიზის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის სახელმწიფო პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო. სადაც  გაიმართა რეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ფილმის - ,,ვარსკვლავთა ჩრდილში მაღლათა თანას" ჩვენება.

ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკაში;

კვირეულის ფარგლებში, სახვითი ხელოვნების გალერეაში, ჟიული შარტავას სახელობის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთან, მაია დგებუაძესთან ერთად, თემატური ლიტერატურული გაკვეთილი წარმოადგინეს.

საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში, ჯემალ აჯიაშვილის პოეტური შემოქმედებისადმი მიძღვნილი, ტრადიციული მხატვრული კითხვის კონკურსი ჩატარდა.

პირველი ადგილი მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლემ, საბა სიგუამ დაიკავა;

მეორე ადგილი წილად ხვდა მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს, ალექსი ჟვანიას;

მესამე ადგილზე გავიდნენ პირველი და მეორე საჯარო სკოლების მოსწავლეები - გოჩა ცომაია და დავით კვირკველია.

საღამო მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის სპეციალისტს, ლია ღვამბერიას მიყავდა.

კონკურსანტებს, მეტყველებაში და არსტისტიზმში, აფასებნენ: აკაკი ხორავას სახელობის სენაკის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები - თამარ აბშილავა და ტარიელ ზურაბაშვილი, მხატვრული კითხვის კონკურსის 2022 წლის გამარჯვებული, უშანგი ჩიქობავა.

გამოჩენილი ქართველი ებრაელი მწერლის, ჯემალ აჯიაშვილის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მისივე სახელობის სკვერში, მწერლის ბარელიეფი ყვავილებით შეიმკო.

დიდი ქართველი ებრაელი საზოგადო მოღვაწის ხსოვნას პატივი მიაგეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, მწერალმა, მთარგმნელმა, მანანა დუმბაძემ, რეჟისორმა, მიხეილ ჭიაურელმა, ქართველმა და ებრაელმა სტუმრებმა, ჯემალ აჯიაშვილის მეგობრებმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.

ბარელიეფის შემკობის შემდეგ, ქალაქის სტუმრებმა, ჯემალ აჯიაშვილის სახელობის სინაგოგა მოინახულეს.

საიუბილეო კვირეული, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართულმა ლიტერატურულმა საღამომ - ,,მშვიდობა საქართველოს! შალომ ყალ ისრაელ!" დაასრულა. 

ჯემალ აჯიაშვილის პიროვნებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ქართველ ებრაელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, მერაბ ჩანჩალაშვილმა, რომელმაც ქართულ-ებრაული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მუნიციპალიტეტის მერს, ვახტანგ გადელიას დიპლომი გადასცა. 

საღამოს, ქალაქის საპატიო სტუმრები, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

საღამო თეატრმცოდნეს და ტელეწამყვანს, ნიკოლოზ წულუკიძეს მიჰყავდა. 

ლიტერატურული სპექტაკლის რეჟისურა სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ვახტანგ ნიკოლავას ეკუთვნის.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ვირტუოზი გიტარისტი, თემურ ყვითელაშვილი, კომპოზიტორი, ჯემალ სეფიაშვილი, სენაკის თეატრალური დასის მსახიობები, სენაკის ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,მეგას" მოცეკვავეები.

ჯემალ აჯიაშვილმა ებრაელთა დიდ პოეზიას ქართულ ენაზე ძეგლი დაუდგა. 

მთელი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა იყო ქართველი და ებრაელი ერის ურყევი მეგობრობისადმი მიძღვნილი ქართულ ენაზე აღვლენილი სიყვარულის უკვდავი საგალობელი. 

ჯემალ აჯიაშვილის ცხოვრება არის გზა, რომელიც სიკვდილის შემდეგაც არ თავდება და ახალ სიცოცხლეს იძენს...