მცხეთაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიებები მიმდინარეობს. ეროვნული დღესასწაულის ფარგლებში მცხეთა, როგორც ქვეყნის ისტორიული ცენტრი, მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას მასპინძლობს. წლევანდელი თარიღი განსაკუთრებულ ისტორიულ კონტექსტსაც ატარებს, რადგან ქვეყანა გაქრისტიანებიდან 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს.

საგანგებოდ ამ დღისთვის, ისტორიულ დედაქალაქში, ჯანდაცვის სამინისტროსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მრავალფეროვანი საგამოფენო, შემეცნებითი და გასართობი სივრცეებია მოწყობილი.
მცხეთის ცენტრალურ მოედანზე დილიდან უამრავი მოქალაქე იკრიბება, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და ჩაერთონ სპეციალურად მათთვის მომზადებულ ინტერაქტიულ პროგრამებში.
განსაკუთრებული აქტივობითა და ხალხმრავლობით გამოირჩევა ბავშვების ზონა, სადაც პატარები ჩართულები არიან სხვადასხვა აქტივობაში და თამაშში. იქვე მოწყობილ სპეციალურ სივრცეში - „პატარა ექიმები“ - ბავშვები სამედიცინო ფორმებს ირგებენ, თამაშით ეცნობიან ექიმის პროფესიას და სწავლობენ - როგორ იზრუნონ ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, დიდი ინტერესია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სივრცის მიმართ, სადაც მოქალაქეები გულ-ფილტვის რეანიმაციისა და პირველადი დახმარების წესებს ეუფლებიან.

სპეციალურად მოწყობილ საგამოფენო და შემეცნებით სივრცეებს, მოქალაქეებთან ერთად, ოფიციალური პირებიც სტუმრობენ. ადგილზე იმყოფებიან: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში ალექსანდრე ზაგაშვილი და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგი აბუაშვილი.
მცხეთაში საზეიმო პროგრამა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიება კულმინაციას 17:10 საათზე მიაღწევს, როდესაც ქვეყნის მასშტაბით საზეიმოდ აჟღერდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გრანდიოზული კონცერტით დასრულდება.
