28 ივლისს, სვანეთში რელიგიურ - ტრადიციული დღესასწაული კვირიკობა (ლაგურკა) აღინიშნება. 

კვირიკობა — სახალხო-რელიგიური დღესასწაული საქართველოში სვანეთის, ქართლის, იმერეთისა და კახეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებში. გამორჩეულად აღინიშნება მესტიის მუნიციპალიტეტში სადაც დღესასწაულს ლაგურკასაც უწოდებენ.

უხსოვარი დროიდან სვანეთში, სოფელ კალაში (მესტიის მუნიციპალიტეტი) 28 ივლისს წმინდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს, აღინიშნება რელიგიური დღესასწაული კვირიკობა, რომელსაც სვანეთში ლაგურკას ეძახიან. წმინდა კვირიკეს ტაძარი აგებულია XI საუკუნეში და ქართული მონუმენტური ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლია. აქ დაცულია წმინდა კვირიკეს რამდენიმე უძვირფასესი ხატი XI-XII საუკუნეებისა და შალიანის მინანქრიანი ხატი, რომელშიც ჩატანებულია ჯვარიცხოვლის ნაწილი. ტაძარი მოხატულია დავით აღმაშენებლისა და დემეტრე მეფის კარის მხატვრის თევდორეს მიერ.