აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ  ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენის - ,,EBIT 2026“  გახსნაში მიიღო მონაწილეობა. 

მთავრობის თავმჯდომარემ,  მეუღლესთან ერთად საგამოფენო სივრცე დაათვალიერა და გამოფენის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ გამოფენა ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის გაძლიერებას და ახალი ტურისტული მიმართულებების განვითარებას. 

 

,,მოხარულები ვართ, რომ წელს გამოფენაზე განსაკუთრებულად ბევრ კომპანიას და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ვხედავთ. ღონისძიება ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ახალი მიმართულებების გაძლიერებას. მოგეხსენებათ, ჩვენ ვცდილობთ, რომ ბათუმი და აჭარა იყოს ოთხივე სეზონზე აქტიური. დღეს წარმოდგენილი კომპანიები დაინტერესებული არიან როგორც საზღვაო ტურიზმით, ასევე სამთო-სათხილამურო მიმართულებით, ეკო ტურიზმით, აგრარული ტურიზმით და სპორტული ტურიზმით. ის ინფრასტრუქტურა, რომელიც დღეს გააჩნია ჩვენს ქვეყანას და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, გვაძლევს შესაძლებლობას ვუმასპინძლოთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებს. ვფიქრობ, შევძლებთ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ სერვისები, კომფორტული გავხადოთ დასვენება და ოთხივე სეზონზე გვქონდეს ძალიან ბევრი წარმატება“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. 

 

გამოფენის ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარე აჭარაში ვიზიტით მყოფ ართვინის გუბერნატორს თურან ერგუნს და არტაანის გუბერნატორს მეჰმეთ ფათიჰ ჩიჩექლის შეხვდა. შეხვედრას საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მუსტაფა თურქერ არი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე და ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე ესწრებოდნენ.

 

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენაში წელს 90-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტული კომპანია მონაწილეობს.  გამოფენის მიზანია  ტურისტული კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანება, სექტორში არსებული სიახლეების, ინოვაციებისა თუ ახალი სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცვლა და  პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება.