აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე 19-20 სექტემბერს მოსული უხვი ნალექით და სტიქიით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით იმსჯელეს. მთავრობის თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებისგან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია არსებული მდგომარეობის, ჩატარებული სამუშაოებისა და შემდგომი რეაგირებისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უხვი ნალექის და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების საჭიროებებს, მიყენებული ზიანის აღრიცხვასა და დამეწყრილი ტერიტორიების გეოლოგიური შესწავლის საკითხებს; იმსჯელეს შესაბამისი დასკვნების საფუძველზე გასატარებელ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზეც. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია კოორდინირებული მუშაობა, მოსახლეობასთან მუდმივი ურთიერთობა და გამოვლენილი დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით დროული რეაგირება.
ზურაბ პატარაძის განცხადებით, რეგიონის კლიმატური პირობების და არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, აუცილებელია არამხოლოდ დადგენილი ზარალის დათვლა და შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება, არამედ სამომავლოდ, პრევენციული მიდგომის და ეფექტიანი მექანიზმების შემუშავება, რათა მსგავს გამოწვევებს მუნიციპალური სამსახურები და პროფილური უწყებები შესაბამისი მზადყოფნით დახვდნენ.
„მოსახლეობის უსაფრთხოება და მოქალაქეების კომფორტული პირობებით უზრუნველყოფა ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია და ნებისმიერ, განსაკუთრებით კი ფორსმაჟორულ სიტუაციაში, ყველა სახელმწიფო უწყების და საჯარო მოხელის ვალდებულებაა უწყვეტი რეჟიმით გააკეთოს მაქსიმუმი თავისი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში, რათა დროული რეაგირებით გაუწიონ დახმარება დაზარალებულ თანამოქალაქეებს და უზრუნველყონ ისინი მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებით“, - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.
შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, აჭარის მთავრობის აპარატის და ადმინისტრაციის უფროსები, ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი, ბათუმის საგზაო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს და „ბათუმის წყლის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.