პოლიტიკა - ლაპარაკია. ლაპარაკი რომ წყდება, იწყება ჩხუბი. ვინც ამბობს, "დებატები არ გვინდა", შინაარსობრივად ამბობს "რევოლუცია გვინდა", ოღონდ იმის გამბედაობა არ აქვს, ეს ღიად თქვას, ამიტომ მხოლოდ ლაპარაკს ებრძვის. - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"თუმცა რევოლუციაც კონკრეტული პოლიტიკოსების სასარგებლოდ ხდება, რა მოტივებიც არ უნდა ჰქონდეს რევოლუციაში მონაწილე ხალხს, და თუ რევოლუციას ლაპარაკი არ უძღვის წინ, ხალხის ჯანმრთელობა და შეიძლება სიცოცხლეც კი დიდი ალბათობით უღირსი პოლიტიკოსის ძალაუფლებაში მოსვლას შეეწირება. ასე რომ, რევოლუციაც კი ითხოვს ლაპარაკს, განსხვავებული აზრების ჯახს და დებატებს.
ამრიგად, დებატებს და სიტყვის თავისუფლებას ებრძვის მხოლოდ ის, ვისაც არაფერი ესმის პოლიტიკაში, ან ის, ვინც ყველაზე უღირსი პოლიტიკოსის ხელისუფლებაში მოსვლას უჭერს მხარს.
და ეს არა მხოლოდ კობახიძესთან დებატებს ეხება, არამედ შიდაოპოზიციურ დებატებსაც, რომელიც ლელოს, ნაციონალური მოძრაობის და ნეონაცების მიერ დაბლოკილია საკუთარ მედიებში.
P.S. სხვათა შორის, კობახიძესთან დებატებზე რომ ამბობენ "არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეულ არალეგიტიმურ პრემიერთან დებატები მის აღიარებას ნიშნავსო". ვინც ასე მიიჩნევს, მისთვის ძველი პარლამენტია ლეგიტიმური და იმ ძველი პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერი. ასე რომ, ასეთი ხალხი წინა პრემიერთან დებატებს უნდა უჭერდეს მხარს." - წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.