დედლური, იახნი, ფხალლობიო, ბორანო, მაჯუნი - ეს იმ ტრადიციული აჭარული კერძების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ბათუმში, "გემოფესტზე" მზადდება. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ ადგილობრივ კულინარიულ ტრადიციებს და დააგემოვნონ როგორც ცნობილი, ისე იშვიათი კერძები.

ბათუმის ძველ ბულვარში, თეთრ კოლონადებთან, გასტრონომიული ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილია 16 კომპანია, სამეწარმეო მარკეტები, ღვინისა და ხემსის პავილიონები, დესერტების სივრცე, გრილისა და ბარის ზონები.

გასტრონომიულ ფესტივალს ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანი ესწრება, მათ შორის არიან ტურისტებიც. თითოეულ მათგანს მისთვის საინტერესო გასართობ აქტივობაში ჩართვაც შეუძლია.

"გემოფესტის" მიზანი საქართველოს რეგიონების მრავალფეროვანი სამზარეულოს პოპულარიზაცია და მეწარმეების ხელშეწყობაა. ფესტივალი ერთ სივრცეში აერთიანებს ადგილობრივ მწარმოებლებს და გასტრონომიის მოყვარულებს, რაც რეგიონული პროდუქციის პოპულარიზაციასა და ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს.

"გემოფესტი" ზღვისპირა ქალაქში პირველად ტარდება. ღონისძიებას მუსიკალურად დიჯეები და ბენდები აფორმებენ. ფესტივალის პირველ დღეს ამერიკელი ბლუზისა და კლასიკური სოულის მომღერალი და კომპოზიტორი ბიგ დადი ვილსონი დახურავს.

"გემოფესტი" სტუმრებს ხვალაც უმასპინძლებს.