მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადება

ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩა №9-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კონტრაქტორი სამშენებლო კომპანია "საბა კონსთრაქშენის" მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად შენობის ფასადის დაზიანების ფაქტზე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაუყოვნებლივ დაიწყო მოკვლევა.

ფონდისთვის კატეგორიულად მიუღებელია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ნებისმიერი სახის ჩარევა კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პროცედურების დარღვევით.

პირველადი მოკვლევის შედეგად, კონტრაქტორ კომპანიას არ გააჩნდა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა შენობაზე კონკრეტული სამუშაოების ჩასატარებლად.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ამზადებს ყველა შესაბამის მასალას, რომელიც დაუყოვნებლივ გადაეგზავნება საგამოძიებო ორგანოს შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტზე სათანადო სამართლებრივი შეფასებისა და შესაბამისი რეაგირებისთვის.

პარალელურად, ფონდის ზედამხედველობის სამსახური დეტალურად სწავლობს ობიექტზე არსებულ ვითარებას. შემდგომი სამუშაოები განხორციელდება მხოლოდ შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და პროცედურების სრული დაცვით.

მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა უპირობო პრიორიტეტია. ფონდი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რათა დადგინდეს მომხდარზე პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი და უზრუნველყოფილი იყოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე შემდგომი სამუშაოების კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელება. - ნათქვამია ფონდის გავრცელებულ განცხადებაში.