თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ახალი პროგრამის ფარგლებში, რომელსაც თბილისის მერია სრულად აფინანსებს, მოსახლეობას საშუალება ექნება სხვადასხვა კლინიკაში ფილტვის კიბოს სკრინინგი ჩაიტაროს.
„მინდა მოვუწოდო მოსახლეობას - მწეველებს და არამწეველებს - ყველამ ჩაიტაროს უფასო ფილტვის კიბოს სკრინინგი, რომლებსაც ქალაქ თბილისის მერია აფინანსებს. პროგრამის ფარგლებში ამ მომსახურებას უამრავი კლინიკა გვთავაზობს. არაერთი კლინიკა მეც დამიკავშირდა და მოხარული ვარ, რომ ისინი აქტიურად არიან ჩართულები. მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ ისარგებლოთ იმ სიკეთით, რომელსაც ქალაქ თბილისის მერია გთავაზობთ“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
როგორც ბექა მიქაუტაძემ საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, პროექტის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებს, რომლებსაც რეგისტრირებულ მისამართად დაფიქსირებული აქვთ ქალაქი თბილისი, ასევე ექნებათ წვდომა ისეთ მნიშვნელოვან სერვისზე, როგორიც არის ფილტვის კიბოს სკრინინგი.