ბაიონის სასამართლომ გადაწყვეტილება ყოფილი ბორტგამცილებლის სასარგებლოდ მიიღო, რომელიც ახლა რემისიაშია და ამ აღიარებას რამდენიმე წელი ითხოვდა.

ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება საფრანგეთში, რომელმაც შესაძლოა გზა გაუხსნას ეკიპაჟის სხვა წევრებსაც. როგორც “პარიზიენი” იუწყება, ბორტ გამცილებელმა მიაღწია იმას, რომ მისი ძუძუს კიბო პროფესიულ დაავადებად ეცნოთ. ეს პირველი შემთხვევაა საფრანგეთში, ავიაციის სფეროში, რაც, მისი ადვოკატისა და პროფკავშირ CFDT-ის (რომელიც მას ამ პროცესში ეხმარებოდა) თქმით, გზას უხსნის ეკიპაჟის სხვა ქალბატონებსაც.

59 წლის სოფი ლენო აცხადებს, რომ Air France-ში 1989-დან 2019 წლამდე მუშაობდა, ჯერ ბორტ გამცილებლად, ხოლო შემდეგ ბორტგამცილებელთა უფროსად შორ დისტანციებზე. მას ჯამში 12,600 საათზე მეტი ფრენა დაგროვდა, საიდანაც 6,500 საათზე მეტი ღამის ფრენა იყო. ივლისის დასაწყისში, ბაიონის სასამართლოს სოციალურმა პალატამ ცნო მისი დაავადების პროფესიული წარმოშობა. სასამართლომ ხაზი გაუსვა ღამის მუშაობის, იონიზებელი გამოსხივების და პასიური მწეველობის როლს, რადგან Air France-ის თვითმფრინავებში მოწევა 2000 წლამდე იყო ნებადართული და აღნიშნა, რომ არ არსებობდა სხვა გენეტიკური თუ ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორი, რაც ამ კიბოს წარმომავლობას ახსნიდა.

მანამდე, პროფესიული დაავადებების ცნობის ორმა რეგიონულმა კომიტეტმა მიიჩნია, რომ ეს კავშირი დადგენილი არ იყო. ძუძუს კიბო არ შედის პროფესიული დაავადებების ოფიციალურ ნუსხაში.

„ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, რომ ამ გადაწყვეტილებამ გზა გაუხსნას იმ ქალებს, რომლებიც აქამდე ვერ ბედავდნენ ამ ნაბიჯის გადადგმას“, - განაცხადა 50-ს გადაცილებულმა ქალბატონმა ენგლეტიდან (ატლანტური პირინეები). ეს გადაწყვეტილება მას საშუალებას მისცემს, კერძოდ, ვადაზე ადრე გავიდეს პენსიაზე, დასძენს სოფი ლენო, რომელიც ამ აღიარებისთვის ორნახევარი წელი იბრძოდა CFDT-ის აქტივისტების მხარდაჭერით. გასაჩივრების არარსებობის გამო, საბოლოო გადაწყვეტილება ქმნის პრეცედენტს, რის გამოხ კმაყოფილებას გამოთქვამს სოფი ლენოს ადვოკატი, ელიზაბეტ ლერუ: „საფრანგეთში კავშირი ძუძუს კიბოსა და გარკვეული პროფესიული რისკების ზემოქმედებას შორის აღიარებული იყო და გულისხმობდა ღამის მუშაობას, იონიზებელ გამოსხივებას, კოსმოსურ გამოსხივებას.

აღიარებული იყო ექთნებისთვის, მუშებისთვის, დაცვის თანამშრომლებისთვის, მაგრამ ეს აღიარება პირველია ბორტგამცილებლისთვის საფრანგეთში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია“, — აღნიშნავს ის. ამ „პირველი პრეცედენტის“ შემდეგ, „ჩვენ უნდა შევძლოთ (ავიაციის სფეროში მომუშავე) ადამიანების დარწმუნება, რომ ეს შესაძლებელია და შესაძლოა აუცილებელიც იყოს“, - დასძენს ფრანსუა დოსო CFDT-ის ძუძუს კიბოს ჯგუფის წევრი.

მისი თქმით, ამჟამად განხილვის პროცესშია აღიარების „30-დან 40-მდე“ განაცხადი მომვლელებისა და ექთნებისგან.