შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა შეკვეთილში, სხვადასხვა დროს, სპეციალური ტექნიკური მოწყობილობის გამოყენებით ორი ავტომობილის კარი გააღო და თანხა მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია ტექნიკური მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.