სირიის დედაქალაქ დამასკოში, იმ სასტუმროს სიახლოვეს, სადაც ემანუელ მაკრონმა ღამე გაათენა, ორი აფეთქების ხმა გაისმა. საფრანგეთის ლიდერს, რომელიც ოფიციალური ვიზიტით სირიაში იმყოფება, იმ დროს, შენობა უკვე დატოვებული ჰქონდა.
ის ამჟამად პრეზიდენტის სასახლეშია, სადაც სირიის პრეზიდენტ აჰმად ალ-შარაასთან მართავს შეხვედრას. ორი აფეთქება დღეს, სამშაბათს, 7 ივლისს, დამასკოს ცენტრში, სასტუმრო Four Seasons-ის მახლობლად მოხდა. როგორც სირიის უსაფრთხოების სამსახურის წყარომ სააგენტო AFP-ს განუცხადა, ერთი ბომბი ნაგვის კონტეინერში იყო დამონტაჟებული, მეორე კი — სასტუმროსთან გაჩერებულ ავტომობილში.
AFP-ის გადამღები ჯგუფისა და ადგილზე მყოფი BFMTV-ის ჟურნალისტების ცნობით, აფეთქებების მომენტში მაკრონს სასტუმრო უკვე დატოვებული ჰქონდა. სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია. დაზიანდა ტურიზმის სამინისტროს შენობა. სააგენტო AFP-ის რეპორტიორების ცნობით, აფეთქების ტალღამ ჩაამსხვრია ტურიზმის სამინისტროს შენობის ფანჯრები, რომელიც პირდაპირ ფეშენებელური სასტუმრო Four Seasons-ის მოპირდაპირედ მდებარეობს. ადგილზე მობილიზებულია უსაფრთხოების ძალების დიდი რაოდენობა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
სამართალდამცველებს ტერიტორია გადაკეტილი აქვთ და მედიის წარმომადგენლებს მუშაობის უფლებას არ აძლევენ.