საქართველომ, როგორც სანდო პარტნიორმა, თავი არაერთგზის გამოიჩინა, თავისი ერთგულება დაამტკიცა ღირებულებებისადმი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ტემპი გაზრდილია, თუმცა მეტია სასურველი.
„გარკვეულ სიურპრიზებსაც ველოდებითო, თქვა დედაქალაქის მერმა. ეს ყველაფერი იმ ჭრილში იყო ნათქვამი, რომ პოზიტიურად უნდა გავიგოთ და მივიღოთ ეს ინფორმაცია. ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ტემპი გაზრდილია, მაგრამ სასურველია უფრო მეტი, რადგან საქართველომ, როგორც სანდო პარტნიორმა, თავი არაერთგზის გამოიჩინა, თავისი ერთგულება დაუმტკიცა იმ ღირებულებებს, რის გარშემოც ჩვენი დამოკიდებულება პარტნიორული ურთიერთობებისთვის ცალსახაა.
არაერთმა ქართველმა სამხედრომ თავი დადო „აისაფის“ მისიებში, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამხედროები შტაბიდან ვერ გამოდიოდნენ ან საერთოდ არ გზავნიდნენ სამხედროებს. ქართველი სამხედროები იქ ბრძოლის ველზე იღუპებოდნენ. ამაზე მეტ მტკიცებულებას ვერავინ ვერ მოიტანს საქართველოს მხრიდან ამ პარტნიორობის ერთგულებისა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
როგორც მათიკაშვილმა განაცხადა, შუა დერეფნის თვალსაზრისით, საქართველოს როლის პარტნიორულ ურთიერთობებში გამოყენება სასარგებლო იქნება.
„საქართველო არის რეგიონში გამორჩეული ქვეყანა თავისი მშვიდობის პოლიტიკით; შუა დერეფნის თვალსაზრისით, საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი და ამ როლის გამოყენება, ბუნებრივია, პარტნიორულ ურთიერთობებში სასურველი იქნება. რეალურ და ნამდვილ პარტნიორობაზე იქნება საუბარი, ახალ, სუფთა ფურცლიდან დაწყებულ ურთიერთსასარგებლო პარტნიორობაზე და არა ისე, რომ 2008 წლის კატასტროფის საკომპენსაციოდ თავის დროზე აშშ-თან საკომპენსაციო პარტნიორობა დაიდო, რაც ფარატინა ქაღალდი იყო. ქართულ მხარე მუდმივად უწევდა ამ სტრატეგიულ პარტნიორობაში ერთგულების დამტკიცება. ჩვენ აშშ-თან არც უვიზო მიმოსვლა, არც თავისუფალი ვაჭრობა, არც პირდაპირი ფრენები არ გვინახავს.
დღეს ურთიერთსასარგებლო მოცემულობაზე არის თავისუფალი ნიადაგი იმის, რომ დაიწყოს ეს ურთიერთობები. ჩვენ მზა და ღია ვართ ამ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, ჯერი ამერიკაზეა. დაველოდებით, მით უმეტეს, იდეოლოგიური თანხვედრის პირობებში მეტის მოლოდინი უნდა იყოს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.