გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო, საწარმოო, სამეცნიერო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას გაეცნო.

დავით სონღულაშვილმა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში მდებარე შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასია“, მარნეულის მუნიციპალიტეტში „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ და კომპანია„ლომთაგორას“ მეურნეობა დაათვალიერა. მინისტრი გაეცნო პროფესიული განათლებისა და პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობებს, ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებისა და საკონსერვო პროდუქციის წარმოების პროცესს, ასევე ხორბლის წარმოებისა და სელექციის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებს.

„დღეს შესაძლებლობა გვქონდა, ადგილზე გავცნობოდით აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას, ადგილობრივ გადამამუშავებელ წარმოებასა და ხორბლის სელექციის მიმართულებით მიმდინარე საქმიანობას. ეს სამი მიმართულება მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ქვეყნის აგრარული პოტენციალის უკეთ გამოყენებისთვის. სოფლის მეურნეობის განვითარებას კვალიფიციური კადრები სჭირდება, შესაბამისად მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს ჰქონდეთ თანამედროვე პროფესიული განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა, რათა მომავალში სოფლის მეურნეობის განვითარებაში პროფესიონალებით შევძლოთ წვლილის შეტანა. ჩვენი მიზანია სოფლის მეურნეობის სრული ღირებულებათა ჯაჭვი გავაძლიეროთ. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, გავზარდოთ ადგილობრივი წარმოება, შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება და გავაფართოოთ ქართული აგროპროდუქციის საექსპორტო შესაძლებლობები“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.