გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

დავით სონღულაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მოსახლეობას ერთიანობა, მშვიდობა და ქვეყნის გაძლიერება უსურვა.

„მინდა ჩვენს ქვეყანას მივულოცო დამოუკიდებლობის დღე და თითოეულ მოქალაქეს ვუსურვო თავისუფლება და სუვერენულ სახელმწიფოში ცხოვრება. თავისუფლება ნიშნავს, თავად განსაზღვრო შენი ქვეყნის მომავალი და იმ ღირებულებებით იცხოვრო, რომლებმაც საქართველო დღემდე მოიყვანა. მსურს, ჩვენს ხალხს ვუსურვო სიყვარულით გაერთიანება და რწმენით გაძლიერება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ქრისტიანობის 1700 წლის იუბილე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეული თარიღია“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთ-ერთი დიდი უწყებაა, რომელიც მრავალ მიმართულებას აერთიანებს. სამინისტრო აქტიურად მუშაობს როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის გაძლიერებასა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. ამ დღის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტუმრებს სამ ლოკაციაზე - ფოთში, ამბროლაურსა და რუსთავში მასპინძლობს.

ქალაქ ფოთში, დაცული ტერიტორიების სააგენტო სტუმრებს შემეცნებით და გასართობ აქტივობებს სთავაზობს. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილია საქართველოს დაცული ტერიტორიებისა და კოლხეთის ეკოსისტემების შესახებ საინფორმაციო სივრცეები, იმართება საბავშვო და კულტურული აქტივობები.

ქალაქ ამბროლაურში, ღვინის ეროვნული სააგენტო კონცეფციით - „საქართველო ღვინის სამშობლო“ არის წარმოდგენილი. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, დააგემოვნონ რაჭისთვის დამახასიათებელი უნიკალური ღვინოები და გაეცნონ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას.

ქალაქ რუსთავში, სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, აგროსასურსათო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და შემეცნებითი აქტივობები იმართება. ღონისძიებაზე წარმოდგენილია ადგილობრივი პროდუქცია, ღვინის დეგუსტაცია, კულინარიული მასტერკლასები და რუსთავის ჭალის ტყის საინფორმაციო სივრცე.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებები ეფუძნება მთავარ გზავნილს - „1700 წელია რწმენა გვაძლიერებს და სიყვარული გვაერთიანებს“, რაც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს უკავშირდება. ამ თარიღთან დაკავშირებით, წელს ფიცის დადების ცერემონია ყველაზე მასშტაბურად იმართება; წვევამდელები ფიცს თბილისში და საქართველოს 12 რეგიონში, უძველეს ქრისტიანულ ეკლესია-მონასტრებთან დადებენ.

17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული მომენტი მთელი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ჰიმნის შესრულებით აღინიშნება, ხოლო საზეიმო პროგრამები გალაკონცერტებით დასრულდება.