გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამტრედიის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ თაფლის გადამმუშავებელ მცირე საწარმოს შპს „აპიჯეო“ საქმიანობას ადგილზე გაეცნო.

მინისტრმა საწარმოს ინფრასტრუქტურა, თაფლის წარმოებისა და გადამუშავების პროცესი, თანამედროვე ტექნოლოგიები და მზა პროდუქცია დაათვალიერა.

„მეფუტკრეობა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ქვეყანას აქვს ყველა წინაპირობა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე გამორჩეული ხარისხის ქართული თაფლის საიმედო მიმწოდებელი იყოს. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მხარს უჭერს ამ დარგის განვითარებას - წარმოების გაფართოებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებას“,  - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

შპს „აპიჯეოს“ წლიური წარმადობა 21 ტონას შეადგენს. კომპანია პროდუქციას საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით ყიდის; კომპანიამ, 2025 წელს წარმოებული თაფლი ექსპორტზე საფრანგეთში გაიტანა. საწარმოში მუდმივად 4 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად კი - 10.

შპს „აპიჯეო“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანიამ 2019-2021 და 2023 წლებში, თაფლის გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოს მოწყობის მიზნით, სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით ისარგებლა.

სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერის პროგრამები ხელს უწყობს თანამედროვე აგროსაწარმოების შექმნასა და განვითარებას, ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას, საექსპორტო პოტენციალის ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

თაფლის გადამმუშავებელ  საწარმოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი,  სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.