გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი სამუშაო ფორმატში გაეცნო სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით სააგენტოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს, გეგმებსა და გამოწვევებს. თანამშრომლებთან შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა თითოეული მათგანის როლს სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფასა  და „ფერმიდან სუფრამდე“ ერთიან ჯაჭვში იმ ღონისძიებების მნიშვნელობას, რომლებიც ცხოველთა ჯანმრთელობის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით ტარდება.

„ჩვენი პრიორიტეტია,  სურსათის ეროვნული სააგენტო რეგიონებში წარმოდგენილი იყოს როგორც მაღალი სტანდარტის უწყება, რომელიც პასუხობს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებსა და  თანამდროვე გამოწვევებს. ამ მიმართულებით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ რაჭა-ლეჩხუმი ვეტერინარული თვალსაზრისით ერთ-ერთი კეთილსაიმედო რეგიონია. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ვაქცინაცია მხოლოდ ცოფის საწინააღმდეგოდ ხორციელდება. ამავდროულად, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს აგრარული ბაზრების, სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების, სურსათის სავაჭრო ობიექტების კონტროლი. რეგიონში ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების ცხოველთა სასაკლაო და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხორცისა და ხორცპროდუქტების შემოწმებას.

ამასთან, მნიშვნელოვანია მცენარეთა დაცვის ღონისძიებები, რომლებსაც სააგენტო რეგიონში ატარებს.  მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ხორციელდება აზიური  ფაროსანას მონიტორინგი და ფართობების შეწამვლა. დღეისათვის, შესაბამისი პრეპარატებით დამუშავებული ფართობების რაოდენობა  6 500-მდე  ჰექტარს შეადგენს.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში დავით სონღულაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ  სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დელეგატი საქართველოს პარლამენტში გოჩა ენუქიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილი.