გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სომხეთის დედაქალაქ ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (CBD COP17) მინისტერიალის მაღალი დონის სეგმენტზე საქართველოს ეროვნული განცხადება წარადგინა.

მინისტერიალის მაღალი დონის სეგმენტი 27-28 ოქტომბერს იმართება და სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს.

საქართველოს ეროვნულ განცხადებაში დავით სონღულაშვილმა ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ შედეგებზე, დაცული ტერიტორიების გაფართოებაზე, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენის ღონისძიებებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საერთაშორისო ვალდებულებების სანდოობა იზომება არა მხოლოდ იმ ამბიციური მიზნებით, რომლებსაც ვაცხადებთ, არამედ იმ შედეგებითაც, რომლებსაც რეალურად ვაღწევთ. საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ჩვენს რეგიონში მშვიდობის მშენებლობის პროცესში, გარემოსდაცვითი თანამშრომლობის კოორდინაციის მიმართულებით “, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დავით სონღულაშვილმა ყურადღება გაამახვილა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზეც. 2024 წელს საქართველოში დამტკიცდა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენის გეგმა. მისი განხორციელების ფარგლებში, სამუხის ველზე ჯეირნის პოპულაცია აღდგა და დღეს 500-ზე მეტ ინდივიდს მოიცავს. პარალელურად, აღდგენის ღონისძიებები კიდევ ხუთი სახეობისთვის ხორციელდება.

ბიომრავალფეროვნების დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას დაცული ტერიტორიების განვითარება წარმოადგენს. ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში დაცული ტერიტორიების ფართობი გაორმაგდა და მილიონ ჰექტარს გადააჭარბა, რაც ქვეყნის ტერიტორიის 15%-ზე მეტია. საერთაშორისო აღიარების მქონე კონსერვაციული ტერიტორიების გათვალისწინებით, ბუნების დაცვის სივრცეები ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 23%-ს მოიცავს. მხოლოდ 2026 წელს საქართველოში შეიქმნა 12 ახალი დაცული ტერიტორია, რომელთა საერთო ფართობი 136 185 ჰექტარია.

აღნიშნული საქმიანობა უკავშირდება კუნმინ-მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩოს მე-3 მიზანს, რომელიც 2030 წლისთვის ხმელეთის, შიდა წყლების, სანაპირო და საზღვაო ტერიტორიების სულ მცირე 30%-ის დაცვას ითვალისწინებს.

საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობაზე მეტყველებს კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანაც.

CBD COP17 ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრაა, რომლის ფარგლებში ქვეყნები ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს აფასებენ და გლობალური მიზნების შესრულების გზებზე მსჯელობენ.