გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ქართული ხორბლის, პურის კულტურისა და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისადმი მიძღვნილ ფესტივალში „ალოობა 2026“ მიიღო მონაწილეობა.

„ქართული ხორბალი ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ხორბლის კულტურამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, ხოლო უახლესმა სამეცნიერო კვლევებმა საქართველო კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, როგორც პურის ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი კერა. ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ის უნიკალური გენეტიკური რესურსი, რომელიც საქართველოს კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს მსოფლიოში,”- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრმა ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი თემატური სივრცეები დაათვალიერა, სადაც ქართული ხორბლის ენდემური სახეობები, აგრობიომრავალფეროვნება, ეთნოგრაფიული და სამეცნიერო ექსპოზიციები, პურის ცხობის ტრადიციული მეთოდები და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია იყო წარმოდგენილი.

ფესტივალი, სსიპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მიზანია ქართული ხორბლის, მასთან დაკავშირებული ტრადიციებისა და აგროკულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.

ფესტივალში, სახელმწიფო უწყებების, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებების, კულტურის სფეროსა და ფერმერული მეურნეობების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.