დღეიდან, ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ახალი ბიზნესს ლაუნჯი მოემსახურებათ. განახლებულ, ორსართულიან სივრცეში, ყველა საჭირო სერვისი მოქმედებს, რაც მგზავრების კომფორტზეა გათვლილი.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პირველი ბიზნესს ლაუნჯი ოფიციალურად ეკონომიკის სამინისტრომ გახსნა. უწყებაში განმარტავენ რომ აეროპორტების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სიახლე კი მგზავრების კომფორტის გაუმჯობესებასთან ერთად, ხელს გამტარუნარიანობასაც შეუწყობს.
დღესვე, ქუთაისის აეროპორტში ამოქმედდა სწრაფი გასასვლელის სერვისიც. რაც იმას ნიშნავს რომ აეროპორტში ლოდინის დრო მნიშვნელოვნად შემცირდება. მგზავრები საპასპორტო და უსაფრთხოების კონტროლს, საერთო რიგების გვერდის ავლით, თვითმომსახურების რეჟიმში გაივლიან.
ბიზნეს ლაუნჯი "ვიზას" მხარდაჭერით გაიხსნა. კომპანიამ პროექტში მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ახალი კომფორტული სივრცის შექმნაში და მგზავრების საჭიროებებზე მუშაობის პროცესში ჩართული იყო "თიბისი კონცეპტიც".
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი ყოველწლიურად იზრდება. მიმდინარე წლის პროგნოზით დაგეგმილია ორ მილიონამდე მგზავრის მიღება. ამ დროისთვის აეროპორტში 7 ავიაკომპანია ოპერირებს და პირდაპირ რეისებს 33 მიმართულებით ასრულებს.