დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი ჯივინოსტატი საქართველოში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განცხადება დღეს გააკეთა.
„დღეს გვაქვს სასიხარულო მორიგი ინფორმაცია - „ჯივინოსტატის“ საქართველოში გამოგზავნის დამადასტურებელი ავია ზედდებულიც იქნა მოწოდებული, რომლითაც დასტურდება, რომ უკვე მომდევნო კვირის დასაწყისში მედიკამენტი იქნება თბილისში.
აქამდე, ჩვენს მიერ, „იტალფარმაკოსთან“ თანამშრომლობით, გაწეული იქნა ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები. მათ შორის, მაქსიმალური სიზუსტით, აღირიცხა მონაცემები პაციენტების შესახებ. შეიქმნა სპეციალური რეგისტრიც, დამტკიცდა შესაბამისი წესი, ჩატარდა ექიმების ტრენინგები უცხოელი სპეციალისტების მიერ და ყველაფერი მზად არის, რომ მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს მედიკამენტის გამოყენება რეალურ პრაქტიკაში“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა პრეპარატის მწარმოებელ კომპანია „იტალფარმაკოს“ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
„ახლო მომავალში არაერთი მნიშვნელოვანი გლობალური ღონისძიება იმართება, რომელიც იშვიათი დაავადებების მედიკამენტებს შეეხება და იქაც აუცილებლად ბევრს ვისაუბრებ ამ წარმატებული თანამშრომლობის შესახებ, კომპანიაზე, რომელიც სრული პასუხისმგებლობითა და მონდომებით ჩაერთო თანამშრომლობაში და აკეთებს ყველაფერს, რომ მედიკამენტი მაქსიმალურად სწრაფად და მაქსიმალური ეფექტით იყოს ხელმისაწვდომი ქართველი პაციენტებისთვის“ - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა იმ მშობლებს, რომლებსაც შესაბამისი დაწესებულებებისთვის არ მიუმართავთ, დაუკავშირდნენ სამინისტროს ცხელ ხაზს - 1505-ს, სადაც მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით აუცილებელ კონსულტაციას მიიღებენ.