აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ფიჭვნარის ანტიკურ სამაროვანზე მიმდინარე არქეოლოგიური კვლევების ფარგლებში მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა გამოვლინდა. მათ შორის გამორჩეულია ორი საყურე და ოქროს საკიდი, რომლებიც ძვ. წ. IV–III საუკუნეებით თარიღდება.

მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებს აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორ ლაშა მიქელაძესთან და მოადგილე სოფია სანიკიძესთან ერთად გაეცნო. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ცეცხლაძე და საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ჟღენტი.
მათ ექსპედიციის ხელმძღვანელებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს მიმდინარე არქეოლოგიური კვლევების, ჩატარებული სამუშაოებისა და გამოვლენილი არქეოლოგიური მასალის შესახებ.

ელინისტური ხანის სამაროვნის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სარიტუალო დანიშნულების მოედნები, რომელთა შესწავლისას გამოვლინდა მძივები, ოქროს საყურეები, ოქროს საკიდი, ასევე ამფორების, დოქების, ჯამებისა და სხვადასხვა სახის იმპორტული კერამიკის ფრაგმენტები.

აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა ელინისტური ხანის საზოგადოების დაკრძალვის წესების, რიტუალური პრაქტიკისა და მატერიალური კულტურის შესასწავლად. ამასთან, იმპორტული კერამიკის აღმოჩენა საყურადღებოა იმ პერიოდის კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების კვლევის თვალსაზრისით.- ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.