საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ოქტომბერს, ფოთში, ბრალდებულმა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ყოფილი მეუღლე ბალიშის გამოყენებით გაგუდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.