„თბილისის განვითარების ფონდმა“, „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში, საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში მდებარე ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროექტი დაასრულა.
აღნიშნულ მისამართზე არსებული 4-სართულიანი ავარიული შენობის დემონტაჟის შემდეგ, მის ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენდა. სრულად გარემონტებული ბინებით სულ 18 ოჯახი დაკმაყოფილდება.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ თამაზ ალიბეგაშვილთან ერთად, აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების გასაღებები დღეს პირადად გადასცა და ახალმოსახლეობა მიულოცა.
„მიხარია, რომ დღეს შეგვიძლია კიდევ 18 ოჯახს მივულოცოთ ახალმოსახლეობა. ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში.
დღეს, აქ მხოლოდ ახალი კორპუსი არ დგას. აქ 18 ოჯახის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. გისურვებთ, ამ სახლებში ყოველთვის ისმოდეს ბავშვების სიცილი, იყოს სითბო, სიყვარული, ბედნიერება და სიმშვიდე. მინდა ამ სახლების კედლებმა მომავალში მხოლოდ ბედნიერი ისტორიები შეინახოს. მთელი გულით გილოცავთ საკუთარ კერაში დაბრუნებას. ღმერთმა ბედნიერად გამყოფოთ თქვენს ახალ სახლებში“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისი განცხადებით, „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა“ მოქალაქეების უსაფრთხო მომავალზე ზრუნვა, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემების ეტაპობრივი გადაწყვეტაა.
„როგორც იცით, „ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა” ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც წლებია ხორციელდება და იგი ერთ-ერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტია ჩვენი დედაქალაქისთვის. როდესაც ამ პროგრამის განხორციელების ვალდებულება ავიღეთ, კარგად ვიცოდით რამდენად რთული და მასშტაბური გამოწვევის წინაშე ვიდექით. თბილისი, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, არის უძველესი ქალაქი. ისტორიული უბნების გარდა ჩვენს ქალაქში მრავლადაა ისეთი საცხოვრებელი სახლები, რომელთა კედლებიც ათწლეულობის ისტორიას ინახავს.
ამ ისტორიის მიღმა კი ხშირად ძალიან მძიმე რეალობა დგას: ავარიული საცხოვრებელი სახლები, სადაც ცხოვრობენ ოჯახები, ბავშვები, ხანში შესული ადამიანები. ზოგადად, სახლი სიმშვიდის ადგილი უნდა იყოს და არა შიშის. კიდევ 18 ოჯახისთვის ეს შიში წარსულს ჩაბარდა. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა“ მხოლოდ სამშენებლო პროექტი არ არის. ეს არის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხო მომავალზე ზრუნვა, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემების ეტაპობრივი გადაწყვეტა.
რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოსა და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. ისინი მხოლოდ დროებით გადადიან ნაქირავებ ბინებში, რისთვისაც მუნიციპალიტეტი ქირის საფასურს სრულად აფინანსებს, პროექტის დასრულების შემდეგ კი იმავე ადგილას, თანამედროვე და უსაფრთხო გარემოში ბრუნდებიან. ჩვენ ვცვლით ავარიულ შენობებს, მაგრამ ვინარჩუნებთ სამეზობლოს, ადამიანებს შორის წლობით ჩამოყალიბებულ ურთიერთობებსა და, მათ შორის, კავშირს საკუთარ უბანთან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მანვე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა 18 ოჯახს ნდობისთვის და იმისთვის, რომ თავიანთი მრავალწლიანი პრობლემის მოგვარება სწორედ მუნიციპალიტეტის შესაბამისი პროგრამით გადაწყვიტეს.
„ყველას კარგად ახსოვს, ორი წლის წინ, აქ, გამრეკელის ქუჩაზე ავარიული 4-სართულიანი ნაგებობა იდგა, რომლის კედლებშიც 18 ოჯახს მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში უწევდა ცხოვრება. მათ მიიღეს სწორი გადაწყვეტილება - გვენდნენ, შემოიტანეს განაცხადი ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად და დღეს უკვე შეუძლიათ, საკუთარ სახლებს სრულიად სხვა რეალობაში დაუბრუნდნენ.
მთელი გულით გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს! გილოცავთ ახალ სახლებს, ახალ გარემოს და ახალ, უფრო მშვიდ ცხოვრებას! განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ ნდობისთვის!
ჩვენთვის ეს ნდობა დიდი პასუხისმგებლობა იყო და მიხარია, რომ დღეს მას შესრულებული საქმით ვპასუხობთ.
აქვე მადლობას ვუხდი „თბილისის განვითარების ფონდს“, ყველა იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ მონაწილეობას იღებდა ამ პროექტის განხორციელებაში. მადლობა კონტრაქტორ კომპანიას – „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ კიდევ ერთხელ მიმართა იმ ოჯახებს, რომლებიც ავარიულ შენობებში ცხოვრობენ, რომ ჩაერთონ „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში“.
„მინდა, თითოეულ თბილისელს კიდევ ერთხელ ვუთხრა: ამ პროგრამის მთავარი ღირებულება თქვენ ხართ, ადამიანები, თქვენი ოჯახები, თქვენი უსაფრთხოება და თქვენი მომავალი. ქალაქის განვითარება ადამიანების უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებით იზომება.
თითოეული დასრულებული პროექტი ნიშნავს, რომ კონკრეტული ოჯახებითვის ჩვენი დაპირება შესრულდა, თუმცა ჩვენი პასუხისმგებლობა გრძელდება იმ ოჯახების წინაშე, რომლებიც ჯერ კიდევ ავარიულ სახლებში ცხოვრობენ. წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა, ბევრი ავარიული სახლია, რომელთა ჩანაცვლებაც უნდა მოვახერხოთ და უნდა შევძლოთ.
მინდა მივმართო იმ ოჯახებს, რომლებიც დღესაც ავარიულ შენობებში ცხოვრობენ. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ზოგჯერ რთულია გადაწყვეტილების მიღება, საკუთარი სახლი თუნდაც დროებით დატოვო, მაგრამ თქვენი და თქვენი შვილების უსაფრთხოებაზე ძვირფასი, ვფიქრობ, არაფერია. მოგვმართავთ, მიიღეთ ინფორმაცია პირობების შესახებ, ჩაერთეთ ამ პროცესში და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ამასთან, კახა კალაძემ ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რათა თბილისი კიდევ უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდეს.
აღნიშნული პროექტის საერთო ღირებულებამ 6 700 000 ლარი შეადგინა, ხოლო სამშენებლო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ შეასრულა.
„ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა“ მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნას, ქალაქის იერსახის გაუმჯობესებასა და სივრცითი განვითარების ხელშეწყობას.