საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან ერთად, თბილისის პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. თანამედროვე სტანდარტების შენობა თანამშრომლების სამუშაო საჭიროებებზე იქნება მორგებული და პროკურატურის ეფექტიანი საქმიანობისთვის შესაბამის პირობებს შექმნის.
ახალ შენობაში თბილისის რაიონული პროკურატურები განთავსდება. რაიონული პროკურატურების თანამშრომლები არაერთი წელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გამოყოფილ ოთახებში მუშაობენ.
გიორგი გვარაკიძემ და რევაზ სოხაძემ კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებისგან შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებიც.
როგორც გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, ახალი შენობა მორგებული იქნება პროკურატურის თანამშრომლების საჭიროებებზე და ყველა პირობა იქნება შექმნილი ნაყოფიერი საქმიანობისთვის. ახალ შენობაში ასევე განთავსდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროკურატურის სასწავლო ცენტრი. მოეწყობა სათანადო ტექნიკური მოწყობილობებით აღჭურვილი, ბავშვზე მორგებული გამოკითხვის ოთახი და მოქალაქეთა მისაღები, სადაც პროკურატურაში მისული მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზება იქნება შესაძლებელი.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამუშაოების ხარისხსა და პროექტით განსაზღვრული ვადების დაცვაზე. სამშენებლო სამუშაოების ხარისხსა და მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდი და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტები გააკონტროლებენ.
პროკურატურის ახალი შენობა პროკურატურის თანამშრომელთა თანამედროვე სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, რაც პროკურატურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.