საქართველოს თავდაცვის უწყების გუნდებს შორის საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატმა „3X3 კალათბურთში“ სტარტი აიღო. ტურნირში სულ 19 გუნდი მონაწილეობს, მათ შორის ორი გუნდი - სამოქალაქო ოფისიდან.
ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში მიმდინარეობს, რომლის შედეგადაც სტრუქტურული ერთეულების პირველადგილოსანი გუნდები გამოვლინდებიან. საფინალო ეტაპზე გადასული საუკეთესო გუნდები 5 და 6 აგვისტოს ქუთაისში იასპარეზებენ. გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცემა, ხოლო საპრიზო ადგილების მფლობელები შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან. ფინალურ ღონისძიებაზე დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შორის პარაკალათბურთში საჩვენებელი თამაშიც გაიმართება.
გიორგი ანწუხელიძის სახელობის „3X3 კალათბურთში“ ჩემპიონატი საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, ყოველ წელს ტარდება.