საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო იაპონიაში, ქ. ტოკიოში წყალმომარაგების მენეჯმენტის შესახებ საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში გამართულ სემინარში. კომისიის წევრმა სემინარის მონაწილეებს გააცნო საქართველოში წყალმომარაგების სექტორის რეგულირების პრინციპები და სატარიფო პოლიტიკა.

სემინარი გაიმართა საერთაშორისო წყლის მენეჯმენტის კომპანია „აქუალიასა“ და იაპონიაში ესპანეთის სამეფოს საელჩოს  მასპინძლობით.

როგორც გიორგი ფანგანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა,  სემეკის საქმიანობაში წყალმომარაგების სექტორის ეფექტიანი რეგულირება წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას:

„წყალმომარაგება წარმოადგენს კაპიტალტევად დარგს და სექტორში მომსახურების მაღალი ხარისხის სტანდარტების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ სოლიდური ინვესტირებით. დღეისათვის საქართველოს წყალმომარაგების სექტორში ოპერირებს 8 ლიცენზიატი კომპანია. სემეკის მიზანია, რომ ეფექტიანი რეგულირებით ხელი შეეწყოს წყალმომარაგების სექტორის პერმანენტულ განვითარებასა და სამართლიან სატარიფო პოლიტიკას, სადაც თანაბრად იქნება დაცული როგორც მომსახურე კომპანიის, ასევე მომხმარებლის უფლებები.  

აღსანიშნავია, რომ  მსხვილი ინვესტორისა და საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიის Aqualia-ს დაინტერესება საქართველოს წყალმომარაგების სექტორით ქვეყნის გამჭვირვალე მიდგომებისა და ეფექტიანი რეგულირების დასტურია, რაც საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოზიციებს კიდევ უფრო აძლიერებს“, - აღნიშნა გიორგი ფანგანმა.

წყალმომარაგების მენეჯმენტის შესახებ საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში გამართული სემინარი მიზნად ისახავდა წყალმომარაგების სექტორში საჯარო და კერძო თანამშრომლობის წარმატებული მოდელების, რეგულირების გამოცდილებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას. გიორგი ფანგანთან ერთად, სემინარზე სიტყვით წარდგნენ წყალმომარაგების სექტორში მოქმედი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები.