„ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სპორტის მიმართულებით არაერთ მნიშნელოვან პროექტს ახორციელებს. სამუშაო მოიცავს მრავალფუნქციური კომპლექსების პროექტირებას და მშენებლობას, რაგბის არსებული სტადიონების რეაბილიტაციას და  ახალი ტექნიკური ცენტრების მშენებლობას, ასევე,  უეფას სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთის სტადიონების და ტექნიკური ცენტრების პროექტირება-მშენებლობას“,- ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია 40 მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელთაგან 11 უკვე დაწყებულია. მათ შორისაა ქუთაისის ახალი სპორტის სასახლე, თელავისა და სენაკის საცურაო აუზები, ასევე ხაშურის, გურჯაანის, წნორის, ბაღდათის, ოზურგეთის, გორის, ქობულეთისა და ზუგდიდის მრავალფუნქციური სპორტული ცენტრები.

გიორგი შონიას განცხადებით, ფონდი ფეხბურთის ფედერაციასთან აქტიური თანამშრომლობით გეგმავს 55 სავარჯიშო და ტექნიკური ცენტრის მშენებლობას, საიდანაც 31 უკვე პროექტირების პროცესშია. თითოეული ცენტრი მოიცავს ხელოვნურსაფარიან სტადიონს, 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას, გასახდელებს, საშხაპეებს, მსაჯების ოთახებს და ტექნიკურ სივრცეებს. გარდა ამისა, მიმდინარეობს 12 სტადიონის მშენებლობა-რეაბილიტაცია უეფას სტანდარტების შესაბამისად. მათგან  10 უკვე პროექტირების ეტაპზეა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი ფირექტორის ინფორმაციით,  რაგბის მიმართულებით დაგეგმილია 18 ტექნიკური ცენტრის მშენებლობა, საიდანაც 12 უკვე მიმდინარეობს. გარდა ამისა, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ფონდი ახორციელებს 3 სპორტული კომპლექსის, ჯამში 5 მოედნის რეაბილიტაციას ესენია თბილისში – ავჭალის და შევარდენის სტადიონები, ხოლო ქუთაისში „აიას“ კომპლექსიში შემავალი სამი სტადიონი.

„მულტიფუნქციური კომპლექსები და ახალი სპორტული ობიექტები არის მომავლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც სპორტის სამინისტროსთან და სპორტულ ფედერაციებთან, ისე ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლებთან. აღნიშნული პროექტების განხორციელება, სპორტულ აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობასთან ერთად, ხელს შეუწყობს რეგიონებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას,“ – განაცხადა გიორგი შონიამ.