სალომე ზურაბიშვილის გარშემო მყოფი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მისგან ითხოვს, რომ ისეთი ნაბიჯები გადადგას, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უკავშირდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა, ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ლიდერი ეგონა თავი და მარიონეტად ჩამოყალიბდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელში.

„გეგმა არ შეცვლილა, გეგმაა დაპირისპირება, დესტაბილიზაცია, რევოლუცია და სისხლის ღვრა. ეს გეგმა იმ სტადიამდე მივიდა, როცა კონკრეტული ქმედებები და ნაბიჯებია საჭირო იმის ჩანაცვლებისთვის, რაც თბილისში რამდენიმე დღე იყო – ცეცხლი, დაპირისპირება, შეჯახება, ხალხის დაშავება, მაგრამ ამან სათანადო განვითარება ვერ ჰპოვა, რაც სალომე ზურაბიშვილისთვის ამოსუნთქვის შესაძლებლობა იქნებოდა. ახლა ის დრო მოვიდა, როცა წინა პლანზე თავად უნდა გამოვიდეს. მის გარშემო მყოფი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მისგან ითხოვს, რომ ისეთი ნაბიჯები გადადგას, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უკავშირდება. მეცოდება ადამიანი, ვინც სამშობლოს განცდა დაკარგა და უსამშობლოების ხელში ჩავარდა. ლიდერი ეგონა თავი და ჩამოყალიბდა, როგორც ამ ადამიანების ხელში მარიონეტი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.