,,მსურს, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, ოჯახის სიწმინდის დღე, მშობლების პატივისცემის დღე. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ საქართველოში გრძელდება ტრადიციები, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. ჩვენი ვალია, რომ მომავალ თაობებს  ღირსეულად გადავცეთ ეს ყველაფერი”, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განაცხადა. 

გივი მიქანაძის თქმით, ოჯახის სიწმინდის დღე, რომელსაც უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ ჩაუყარა საფუძველი, ჩვენი სამშობლოს გაერთიანებასა და  გაძლიერებას უწყობს ხელს.

,,მინდა, განსაკუთრებულად მოვიხსენიო ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელმაც დააფუძნა ეს დღე
და კიდევ ერთი თავისი ბრძნული გადაწყვეტილებით ხალხს ეს გამორჩეული დღე აჩუქა. 

მიხარია, რომ სრულიად საქართველო ზეიმობს ამ დღეს. ამით ჩვენი სამშობლო კიდევ უფრო გაძლიერდება და ერთიანდება, რადგან ჩვენ ვართ ტრადიციების ქვეყანა და საქართველოში, უფლის წყალობით, ყველაფერი აუცილებლად ჩვენი  ხალხისა და ერისთვის სასიკეთოდ იქნება.  

ოჯახი არის მთავარი ფასეულობა ჩვენი ერის და მის გაძლიერებაზეა ორიენტირებული  მთელი საზოგადოება,“ -  განაცხადა გივი მიქანაძემ.

ფოტო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.