საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე რაჭაში, ამბროლაურში პროფესიულ კოლეჯ „ერქვანს“ ესტუმრა, სადაც ახალ ხელმძღვანელ ილია ოშხერელსა და თანამშრომლებს შეხვდა.
მინისტრმა პროფესიული განათლების განვითარების პრიორიტეტულობას გაუსვა ხაზი და განათლების სისტემის რეფორმის შესახებ ისაუბრა.
შეხვედრაზე კოლეჯის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ პასუხები და დაეფიქსირებინათ თავიანთი მოსაზრებები.
პროფესიული კოლეჯი „ერქვანი“ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მსურველებს შრომის ბაზრის მოთხოვნისა და დასაქმების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს. კოლეჯი ასევე ახორციელებს მომზადება/გადამზადების პროგრამებს ინფორმაციული ტექნოლოგიების, სამშენებლო, მეცხოველეობისა და სოფლის-მეურნეობის მიმართულებით.
კოლეჯს აქვს თანამედროვე ტიპის სასწავლო კორპუსი, აღჭურვილი ლაბორატორია, მრავალფუნქციური სახელოსნოები და ახალგაზრდული სივრცეები, რაც ახალგაზრდებს პროფესიული კომპეტენციების განვითარებასთან ერთად, პიროვნული ზრდის შესაძლებლობასაც აძლევს.
კოლეჯში მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დელეგატი საქართველოს პარლამენტში გოჩა ენუქიძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის
სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ამბროლაურის მერი ზაზა ქევანიშვილი და ამბროლაურის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად მხეიძე.