საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გურიის რეგიონში ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
მინისტრმა მასწავლებლებს წლების განმავლობაში გაწეული შრომისთვის, პროფესიისადმი ერთგულებისა და არაერთი თაობის აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიებაზე გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების, მისი შედეგებისა და სამომავლო პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო განახლებულ სახელმძღვანელოებს, სასკოლო ფორმებს, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ ინიციატივებს.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა PISA-ს 2025 წლის საერთაშორისო კვლევაში საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე და აღნიშნულ წარმატებაში პედაგოგების დამსახურებას გაუსვა ხაზი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძე, გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება და მიზნად ისახავს პედაგოგების მრავალწლიანი შრომის დაფასებასა და მათი პროფესიული საქმიანობის წახალისებას.