საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში არსებული მრავლწლიანი თანამშრომლობა განიხილეს და პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
გივი მიქანაძემ ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი რეფორმების ძირითადი მიმართულებების შესახებ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო გერმანიის მიერ საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. ამასთან, მხარეებმა ქართულ სკოლებში გერმანული ენის სწავლების ხელშეწყობისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საკითხები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართულ და გერმანულ უნივერსიტეტებს შორის კავშირის გაძლიერების ხელშეწყობაზე, მათ შორის, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების, აკადემიური მობილობისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელების მიმართულებით.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ზრდასრულთა განათლებისა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობას, ამასთან ამ მიმართულებით გერმანული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ თანამშრომლობა და განახორციელონ ახალი ერთობლივი ინიციატივები.