საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ხარაგაულის, ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილი პედაგოგები, მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

მინისტრმა პედაგოგებს მრავალწლიანი, თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და მასწავლებლის საქმიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, განხორციელებული ცვლილებები და მიღწეული შედეგები გააცნო. საუბარი შეეხო განახლებულ სასკოლო სახელმძღვანელოებს, ახალი სასკოლო ფორმების დანერგვას, მასწავლებლის პროფესიის გაძლიერებას, სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას, ასევე განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

გივი მიქანაძემ ასევე ისაუბრა PISA-ს 2025 წლის საერთაშორისო კვლევასა და საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე.

შეხვედრის დასასრულს მასწავლებლებმა მათთვის საინტერესო თემებზე ისაუბრეს და დასმულ შეკითხვებზე პასუხები მიიღეს.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სასკოლო საზოგადოების წევრებთან ერთად, სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ.

მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, სექტემბერ-ოქტომბერში, რეგიონებში ადგილობრივი ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება უკვე მეორე წელია ტარდება.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის აღნიშნული ინიციატივა მასწავლებლების მრავალწლიანი შრომის დაფასებასა და მათი პროფესიული საქმიანობის წახალისებას ემსახურება.

მასწავლებლის ეროვნული დღე ტრადიციულად 27 ოქტომბერს - ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, აღინიშნება.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად, იმართება დასკვნითი საზეიმო ღონისძიება – საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გამორჩეულ 10 პედაგოგს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია: სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.