პუბლიკაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ამერიკული კონტრაქტორი კომპანიის „Glodow Nead Communication“ ჩართულობით მომზადდა და მასში ჩამოთვლილია ხუთი მიზეზი, რომელთა გამოც მკითხველმა ქართული ღვინო უნდა დააგემოვნოს და მოიწონოს.

კერძოდ, ეს არის ქართული ღვინის წარმოების 8000-წლიანი ისტორია და საქართველოს ღვინის სამშობლოდ აღიარების ფაქტი, ვაზის ენდემური ჯიშების მრავალფეროვნება, ქართული სუფრის კულტურა, საქართველოს ბუნება და ქართული ბუნებრივი ღვინოების პოპულარობა (https://grapefriend.com/2026/06/08/5-reasons-to-try-georgian-wine/).

სტატიის ავტორი ალისა ვიტრანო (Alyssa Vitrano) საქართველოში მიმდინარე წლის მაისში იმყოფებოდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ორგანიზებული ღვინის ტურის ფარგლებში, მან და ამერიკული მედიის სხვა წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. დაათვალიერეს კახეთისა და ქართლის ღვინის მარნები, სადაც გაეცნენ როგორც ქართული მეღვინეობის ტრადიციებს, ისე თანამედროვე ღვინის წარმოების პრაქტიკას.

Grapefriend არის პოპულარული ამერიკული გამოცემა, რომელიც ღვინის კულტურასა და პოპ-კულტურას აერთიანებს. მისი დამფუძნებელია ალისა ვიტრანო (Alyssa Vitrano), ჟურნალისტი და სატელევიზიო პროდიუსერი (Marie Claire, MTV).

ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციის, ცნობადობის ზრდისა და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო მედიასაშუალებებთან. სააგენტოს პარტნიორებს შორის არიან CNN, CBS, Netflix, „The New York Times“, „Wine Enthusiast“ და სხვა გავლენიანი საერთაშორისო გამოცემები.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს