პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ ლიდერები აგრძელებენ შეხვედრებს მუნიციპალიტეტების საკრებულოებში „ხალხის ძალის“ ფრაქციების წარმომადგენლებთან. ამჯერად ორი დღის განმავლობაში შეხვედრები იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში და ასევე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ოთხ მუნიციპალიტეტში გაიმართა.

ლიდერებმა ადგილობრივებისგან მუნიციპალიტეტების წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ მიიღეს ინფორმაცია და ამ პრობლემების გადაწყვეტის გზებზე იმსჯელეს. ასევე, შეხვედრებზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ სიტუაციას და „ხალხის ძალის“ სამომავლო გეგმებს.

როგორც შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბარში „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ფრაქციების წევრებთან საუბარში რამდენიმე ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა, რაც რეგიონებში მოსახლეობას აწუხებს. ესაა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამების ნაკლები ხელმისაწვდომობა, ნებართვებთან დაკავშირებით არსებული ბიუროკრატიული სირთულეები და ა.შ. სუბარმა ასევე განაცხადა, რომ „ხალხის ძალა“ აპირებს პარტიული სტრუქტურის განვითარებას და ამ მიზნით, უახლოეს პერიოდში დაიწყება რეგიონებში პარტიული ოფისების გახსნა და პარტიაში მხარდამჭერების გაწევრიანება. 

მედიასთან კომენტარი გააკეთა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმაც, რომელმაც განაცხადა, რომ პოლიტიკური ჯგუფის ლიდერები გაეცნენ ადგილზე არსებულ გამოწვევებს, როგორიცაა ახალგაზრდების პრობლემების, დემოგრაფიული მდგომარეობა, სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევები და ა.შ. სეფაშვილის თქმით, შეხვედრები კვლავ გაგრძელდება და ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.