„კონკრეტიკა ნაკლებად ჩანს - ზოგადად წერია, რომ ჯანსაღი კონკურენცია უნდა დაარეგულიროს სააგენტომ, მაგრამ როგორ მოხდება - ეს უკვე დეტალებია და სწორედ ეს დეტალები არ ჩანს,“ -  ასე აფასებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნას. 

გურამ მაჭარაშვილის თქმით, ზოგადი ხასიათის მიგნებები, არ იქნება საკმარისი და შესაბამისად კონკრეტიკის დეფიციტი გამოიწვევს იმას, რომ რეალურ შედეგს ვერ მივიღებთ, რადგან არ გვეცოდინება, ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი. 
 
„ის, რომ ბაზარი არეგულირებს ფასებს, გასაგებია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ბაზარზე არსებობს გარკვეული ტიპის მონოპოლია. ვეთანხმები კოლეგებს, რომ ძალიან მოკლე პერიოდი გვქონდა ამ დასკვნის შესასწავლად, მინიმუმ 2-3 დღე მაინც რომ გვქონოდა, შესაძლოა პირველადი დასკვნები გამოგვეტანა. თუმცა, რაც წავიკითხეთ, არავინ ამბობს, რომ არ ვარგა დოკუმენტი, კარგი ნაშრომია, მაგრამ ეს აქტი ხომ პარლამენტის მიერ არის მისაღები, და ამ აქტით, თუ კონკრეტულად არ ვუთხრით მთავრობას, საქვეუწყებო დაწესებულებებს ან სხვა შესაბამის ორგანოებს, რა ნაბიჯებია გადასადგმელი, მხოლოდ ზოგადი ხასიათის მიგნებები, რაც სწორად წერია ამ დასკვნაში, არ იქნება საკმარისი. 

შემდგომ, ჩვენ, როგორც პარლამენტარებს, გაგვიჭირდება გავაკონტროლოთ მთავრობის რომელიმე უწყება და მოვთხოვოთ, გადადგეს თუ არა კონკრეტული ნაბიჯები. ამ მიმართულებით კონკრეტიკა ნაკლებად ჩანს - ზოგადად წერია, რომ ჯანსაღი კონკურენცია უნდა დაარეგულიროს სააგენტომ, მაგრამ როგორ მოხდება - ეს უკვე დეტალებია, და სწორედ ეს დეტალები არ ჩანს. ამიტომაც მარტივად გვერდის ავლა შეუძლია აღმასრულებელ ხელისუფლებას და შეიძლება არც შეასრულოს კონკრეტული ქმედებები. ჩვენი პოზიცია ესაა: რეალურად ფასების რეგულირება უნდა მოხდეს - ამას ელოდება საზოგადოება. დოკუმენტს უნდა ჰქონდეს ისეთი შინაარსი, რომ შექმნას მოლოდინი, და არა მხოლოდ მოლოდინი, არამედ საფუძველი, იმისა, რომ ფასების რეგულირება ნამდვილად მოხდება,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.