გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანის მიმართ გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების საქმეზე ბრალდებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე იოსებ აბრამიძემ მიიღო.
გამოძიებით დადგინდა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში 60 წელს გადაცილებული ბრალდებული არასრულწლოვანზე რამდენიმე წლის განმავლობაში ძალადობითა და მისი უმწეობის გამოყენებით, სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს, მიმდინარე წლის აგვისტოში კი დაზარალებული გააუპატიურა.
პროკურატურამ მას ბრალდება არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და გაუპატიურების ფაქტებზე წარუდგინა.
დანაშაული 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.