ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მიერ 2020 წლის 30 სექტემბერს დაკავებული საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა საპატიმროს 2025 წლის 30 მარტს დატოვებს.

ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალად ედებოდა სამი მუხლი: „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფა, სხვისი ქონების განზრახ განადგურება ან დაზიანება, რასაც გაუფრთხილებლობით, შესაძლოა ადამიანის სიკვდილი ან მძიმე შედეგები მოჰყვეს და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა“.

ირაკლი ბებუას გალის ე.წ. საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და ფულადი ჯარიმა დააკისრა.

აფხაზურ ტელეგრამის არხთან საუბარში ე.წ. შს მინისტრმა, რობერტ კიუტმა განაცხადა, რომ ირაკლი ბებუა „საპატიმროს კანონით დადგენილ დროს დატოვებს“.

„2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს, რაც ყველამ იცის. სახელმწიფო დროშა დაწვა, რისთვისაც 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჯამში საკანში ოთხი წლის და ექვსი თვის განმავლობაში უნდა დარჩენილიყო. 30 მარტს დაკავების იზოლატორში ყოფნის ვადა ეწურება. შესაბამისად, გვიწევს მისი გათავისუფლება. არავინ გეგმავს ამ ადამიანის ვადაზე ადრე გამოშვებას. ყველაფერი ხდება მოსამართლის მიერ დანიშნული მუხლებისა და პირობების შესაბამისად“, – განაცხადა რობერტ კიუტმა.