ძალიან რბილად არის ნათქვამი, ასე თუ ვიტყვით, რომ არ ვეთანხმებით, საუბარი გვაქვს მორიგ შეურაცხმყოფელ ანგარიშზე, რომელიც გამოაქვეყნა ევროკომისიამ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში გადაცემაში დებატებში", აღნიშნული დოკუმენტის განხილვისას განაცხადა.
ირაკლი კირცხალიას თქმით, ევროკომისიის გაფართოების შესახებ ანგარიში საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია და მასში მოცემული შეფასებები ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევას გულისხმობს.
მისივე თქმით, დოკუმენტში რამდენიმე ფუნდამენტური საკითხია, რომელთა გარშემოც საქართველოსა და ბრიუსელს შორის უთანხმოება არსებობს.
"ძალიან რბილად არის ნათქვამი, ასე თუ ვიტყვით, რომ არ ვეთანხმებით. რა ანგარიშზე გვაქვს ხომ საუბარი - გვაქვს მორიგ შეურაცხმყოფელ ანგარიშზე საუბარი, რომელიც გამოაქვეყნა ევროკომისიამ, გაფართოების შესახებ ანგარიში, რომელიც შედგება 6 კლასტერისგან და 33 თავისგან.
წესით, უნდა ვსაუბრობდეთ და განხილვა უნდა მიდიოდეს, ჯანსაღი მიდგომა რომ იყოს დღეს ბრიუსელისგან, თითოეულ ამ თავზე, გამოწვევებზე და ა.შ. მაგრამ ამ თავებში, ამ კლასტერებში სანამ ჩავალთ, არის ძირითადი ფუნდამენტური მიმართულებები, რის იქითაც, სანამ ამ ფუნდამენტურ მიმართულებებზე არ ჩამოვყალიბდებით, უბრალოდ საუბარი ზედმეტია და ვერც გამოვა ვერანაირი საუბარი.
სამი ძირითადი მიმართულება ავიღოთ, რატომ ვამბობ, რომ რბილად არ ვეთანხმებით, რაც არის პირდაპირ შეურაცხმყოფელი არა მხოლოდ საქართველოსთვის, ნებისმიერი სუვერენული და თავმოყვარე ქვეყნისთვის.
პირველი, მოსამართლეების ვეტინგი - ეს ერთი, ანუ სასამართლო ხელისუფლებაში კიდევ ერთხელ, მერამდენედ უკვე, პირდაპირ ჩარევა. რას ნიშნავს ეს, სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევა, რომ გარედან უნდა დაგინიშნოს ვინმემ აქ მოსამართლე, სასამართლო ხელისუფლებაში.
მეორე, ყველაზე მთავარი მიმართულება, ასევე ფუნდამენტური მიმართულება საკანონმდებლო ბაზის კუთხით და კანონმდებლობის კუთხით, კანონების გაუქმება. მათ შორის ორი უმნიშვნელოვანესი კანონი ჩვენი ქვეყნისთვის რაც არის - პირველი, გამჭვირვალობის კანონი და ზოგადად, მის ქვეშ მიღებული ყველა კანონი საკანონმდებლო სივრცეში და ასევე ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი, იგივე ე.წ. ანტი-ლგბტ თემის პროპაგანდის შესახებ კანონი, ამ კანონის გაწვევა, ეს მეორე. ანუ შენ უნდა გიკარნახონ თუ რა კანონი მიიღო, რა კანონი არ მიიღო, რა დაწერო, რა არის შენთვის კარგი და რა არის შენთვის დღეს რეალურად გამოწვევა და რა არა. ეს მეორე ფუნდამენტური მიმართულება.
და მესამე მიმართულება - არის ასეთი ფრაზა გამოყენებული და მიძღვნილი თავი, რომ დაკავებულები, ასე ვთქვათ, თვითნებურად, ანუ არასწორად დაკავებულები. ვისზეა საუბარი, ვინ არის არასწორად დაკავებული?
სრულიად არგუმენტგამოცლილი, შეურაცხმყოფელი, არაფერზე დაფუძნებული ანგარიში, სადაც პირდაპირ ვამბობ ამ ფუნდამენტურ საკითხებზე, არასწორად დაკავებულებზე საუბრობენ.
გავიხსენოთ რეზოლუციები, სანამ ეს ანგარიში იქნებოდა - ჯერ იყო პოლიტპატიმრებად მოიხსენიებდნენ, ვის - რეჟიმის შემოქმედებს პირდაპირ, პოლიციელების დამწველებს, კონსტიტუციური შენობების დამწველებს, რევოლუციური სცენარის მონაწილეებს, ხომ? და ბოლო რეზოლუციებში გაჩნდა შემდეგ ასეთი ჩანაწერები - სინდისის პატიმარი. ვინ არის სინდისის პატიმარი, მერაბ კოსტავას სამშობლოში სინდისის პატიმარი შეიძლება დაუძახო სააკაშვილს, ახალაიას და ა.შ.? ეს ხომ შეურაცხყოფაა ერის და ქვეყნის", - აცხადებს კირცხალია.