დღეს მოხარული ვარ, რომ პირველად აღვნიშნავთ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიულ დღეს, რომელიც 22 ნოემბერს დაწესდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კანონის უზენაესობა, მიუკერძოებლობა და გამჭვირვალობა ცესკოს მუშაობის ქვაკუთხედია.
„ეს თარიღი არ არის შემთხვევითი, ადგილიც სიმბოლურია. 1918 წლის 22 ნოემბერს სწორედ ამ შენობაში დაამტკიცა საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დებულება დამფუძნებელი კრების არჩევნებისა და აირჩია ცენტრალური საპარლამენტო საარჩევნო კომისიის პირველი შემადგენლობა. ეს იმ დროისთვის მსოფლიო მასშტაბით პროგრესული აქტი იყო. 108 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული კენჭისყრა დაადგინეს, ქალებსა და კაცებს კი თანაბარი ხმის უფლება მიანიჭეს. სწორედ ამ დოკუმენტს ეყრდნობა საქართველოს დღევანდელი დემოკრატიული საარჩევნო სისტემა.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაიხვეწა არჩევნების ორგანიზების წესები და დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები. ფორმები შეიცვალა, პრინციპები უცვლელი დარჩა. კანონის უზენაესობა, მიუკერძოებლობა და გამჭვირვალობა ცესკოს მუშაობის ქვაკუთხედია. არჩევნების გზით მოქალაქეთა ნების თავისუფალი გამოხატვა დემოკრატიის არსია, ამიტომ გამართული საარჩევნო პროცესი ქვეყნის სტაბილურობისა და წინსვლის საყრდენია. ეს საქმე კომისიის თითოეულ თანამშრომელზე, თქვენს პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერ შრომაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა პრემიერმა.