ვიცით, რომ აშშ მაქსიმალურად ცდილობს, ირანთან პირდაპირ თუ ირიბად რაც შეიძლება, იყოს დაკავშირებული, სანქციებისა და კონტროლის ქვეშ მოაქციოს, მაგრამ, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებიდან ირკვევა, სანქცირებულ ორგანიზაციას შესაბამისი ლიცენზირება არასდროს გაუვლია და საქართველოში საქმიანობის უფლება არ მიუღია, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ირკვევა ისიც, რომ ეს ორგანიზაცია უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც საჯარო რეესტრშიც აღარ იძებნება, გაუქმებულია. ზოგადად, ერთი რამეა, როგორც ეროვნული ბანკი, ასევე მთლიანად საქართველო სანქციების, ფულის გათეთრების, ტერორიზმთან და სხვა ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, არის ის სახელმწიფო, რომელსაც ერთ-ერთი უმაღლესი შეფასება აქვს მიღებული. ამ კუთხით, ეს დასანქცირებული ორგანიზაცია საქართველოსათვის რაიმე პირდაპირ ბმას ან კავშირს არ წარმოადგენს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ სანქცირებული პირი არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტს“.