პაატა სალია სტრასბურგში ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტერიალში მონაწილეობის მიზნით იმყოფება. კონფერენციის მიზანი ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის ფულის გათეთრებისა და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში გამოცდილების გაზიარება და არსებული გამოწვევების წინააღმდეგ ეფექტიანი რეაგირების მექანიზმებზე მსჯელობაა.
მაღალი დონის ღონისძიება ევროპის საბჭოს ორგანიზებით იმართება და მასში მონაწილეობენ წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმომადგენლები, ფულის გათეთრებისა და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტები.
ღონისძიებას გახსნიან მონაკოს იუსტიციის მდივანი სამუელ ვუელტა სიმონი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე მატიას გიომარი. მინისტრთა კონფერენციაზე დაგეგმილია საქართველოს იუსტიციის მინისტრის სიტყვით გამოსვლა. პაატა სალია კოლეგებს პირველი პლენარული სესიის ფარგლებში მიმართავს, რომელიც დანაშაულის ადრეულ გამოვლენას ეხება და გაუზიარებს მათ საქართველოს გამოცდილებას ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და მისი პრევენციის მიმართულებით.
სტრასბურგში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ, აგრეთვე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში ხატია წილოსანი.