3 მილიონი ჰექტარი მიწიდან 1 მლნ. დაურეგისტრირებელია. ანუ, ქვეყანაში მიწების 1/3-ზე ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, ვინ არის მისი მესაკუთრე, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„აქ არ იგულისხმება ოკუპირებული ტერიტორიები და სატყეო ფონდი. ამ 3 მილიონი ჰექტრიდან 1 მლნ. დაურეგისტრირებელია. ანუ, ქვეყანაში მიწების 1/3-ზე ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, ვინ არის მისი მესაკუთრე: არის ეს ფიზიკური პირი, სახელმწიფო, თუ მუნიციპალიტეტი. შესაბამისად, ამ მრავალწლიანი პრობლემის აღმოსაფხვრელად დავიწყეთ ეს პროექტი, რომელიც საკმაოდ მასშტაბურია“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძის თქმით, საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე მუშაობენ მათი თანამშრომლები.

„ისინი სრულიად უსასყიდლოდ აზომავენ მოსახლეობისთვის მათ მიწის ნაკვეთებს და შემდგომში ხდება ამ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

მისივე განმარტებით, მიმდინარე რეგისტრაციის პროცესმა წარმოაჩინა, რომ ძალიან ბევრი სადავო მიწის ნაკვეთია. მინისტრმა განაცხადა, რომ პროექტი 2024 წელს დასრულდება. ამჟამად კი მიწის სისტემური რეგისტრაცია თბილისშიც დაიწყეს.